15 ნოემბერი 2024,   13:02
ვრცლად
"სირცხვილია" არის "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა და ვერ იქნება დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი - გივი მიქანაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გამოთქმულ აზრს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ, მმართველ გუნდში სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ მაგალითად "სირცხვილია", "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ეს კამპანია ცუდად მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციაზე, რადგან ისინი ატყუებენ მოქალაქეებს, როცა ეუბნებიან, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან.

"სინამდვილეში, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც მთლიანად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ასრულებენ კონკრეტული პოლიტიკური პირებისა და პარტიების დავალებებს, სინამდვილეში წარმოადგენენ ერთ მთლიან ორგანიზმს, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა", იქნება ეს "სირცხვილია", იქნება ეს "ლელო" თუ ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქციაზე პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლების შეცვლისკენ და დესტრუქციული სცენარის განვითარებისაკენ. საბოლოო ჯამში, ეს კამპანია მათ რეპუტაციაზე მოქმედებს ძალიან უარყოფითად, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ისინი ელემენტარული ატყუებენ მოქალაქეებს, როდესაც ამბობენ რომ არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები," - აცხადებს იონათამაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრის გივი მიქანაძის თქმით, "სირცხვილია" "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს და ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორი.

"სირცხვილია" არის პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა და ის ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რამეთუ მათი მხრიდან გაჟღერებული კონკრეტული განცხადებები თუ კონკრეტული ქმედებები, იმ ადამიანების ვინც ამ აქციის ორგანიზებას უდგანან სათავეში, ვიცით, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, პოლიტიკურად მოტივირებული და საზოგადოებამ ეს კარგად იცის," - ამბობს მიქანაძე.

დღის ამბები