გასული წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს ერთი წლის თავზე საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას:
"5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.
ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.
ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები გამოვიდნენ, რომლებიც "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისების დარბევასთან ერთად, განსაკუთრებული აგრესიით ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით 30-მდე პირი იყო დაკავებული.