ერთ საათში ოპოზიცია კონსულტაციებს გამართავს, მთავარი თემა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ალტერნატიული გეგმაა. მანამდე უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. მათი განცხადებით, მიზეზი უნდობლობაა.
შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს "სტრატეგია აღმაშენებელი". როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, "სტრატეგია აღმაშენებელი" სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ინტენსიურად მუშაობს საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე.
"ხვალ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში სტრატეგია აღმაშენებელი არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს. იმიტომ რომ ეს შეხვედრა არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას, იმ ათიათასობით ადამიანის მისწრაფებას, რომელიც რუსთაველზე იკრიბებოდა და ჩვენ არც ერთი პროცესის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამას ახლო მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პროცესში მონაწილეობას არ გეგმავს პარტია "ლელო საქართველოსთვის."
"ჩვენი პოზიცია არის, რომ შემოთავაზებულ რაღაცა პროცესში, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის უბრალოდ სიმულაცია და არანაირი შედეგისკენ არ არის მიმართული, ჩვენ არ ვაპირებთ რომ მივიღოთ მონაწილეობა. ამიტომ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მცდელობა, მიმართული არის იქით, რომ ჩვენ შევქმნათ კონკრეტული დღის წესრიგი, რომლის შესრულებასაც მოვთხოვთ ხელისუფლებას," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
განხილვაში აქტიურად ჩართვას გეგმავენ "მოქალაქეები", „გირჩი“ და პარტია საქართველოსთვის. მათი განმარტებით, გეგმის წარმატებით განსახორციელებლად, ერთად მუშაობა აუცილებელია.
"მნიშვნელოვანია, პრაქტიკულ დონეზე, როცა ისინი აცხადებენ, რომ 12-ვე პუნქტს პირნათლად შეასრულებენ, ვიცოდე როგორ აპირებენ ამის შესრულებას. მე არ მინახავს ჯერ დოკუმენტი, სადაც წერია რას როგორ აპირებენ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად დავესწრები შეხვედრას და მოვისმენ მათგან, რა ხედვა აქვთ ამასთან დაკავშირებით... მე მაინტერესებს დოკუმენტი, კონკრეტული კანონმდებლობა, რის ინიცირებასაც აპირებენ," - აცხადებს ლევან იოსელიანი.