პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი საკითხი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არსებული გეგმა იქნება. სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება, პროცესში არ ჩაერთვებიან "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი". სამუშაო პროცესში უმრავლესობასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ "გირჩი", "მოქალაქეები" და პარტია "საქართველოსთვის".
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, არ იცის თუ რატომ არ მონაწილეობენ ამ პროცესში სხვა ოპოზიციური პარტიები.
"ჩვენი კოლეგები რატომ არ მონაწილეობენ და რატომ არ ცდილობენ ამ პროცესიდან რამე გამოიყვანონ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჩვენი სათქმელი იქნება, რომ დავიწყოთ მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეს იქნება პირველ რიგში ჩვენი სათქმელი და თვითონ როგორ უყურებენ დეპოლარიზაციას - რაც მაინტერესებს ასევე. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს რაც არ უნდა თქვან, ველოდებით იმას, რომ დავიწყოთ მუშაობა და სანამდე მივალთ ვნახავთო, თუმცა მე რაღაცნაირად ზოგადი მონახაზიც მაინტერესებს, რის გაგებასაც შევძლებ - ყველაფერს გავიგებ," - ამბობს იაგო ხვიჩია.
"მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, მისი მთავარი ამოცანაა შესრულდეს 12-ივე პუნქტი ისე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"არის საკითხები რაზეც გვაქვს ინიციატივები, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს როგორ შეიძლება შესრულდეს, მათ თავიანთი, ეს იქნება განხილვის საგანი ჩემი აზრით. ამოცანა არის ის, რომ 12-ივე პუნქტი შესრულდეს იმდაგვარად, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩემი ამოცანა ეს არის და მე ამ პარლამენტში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ," - განაცხადა იოსელიანმა.