15 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება

ოპოზიციის ნაწილი დღეს დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება, რომელიც სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ხელისუფლების ოპონენტებს ამ მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ნაწილი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებისთვის მათ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ, ნაწილმა კი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ დროის გაწელვას ცდილობს.

ამ დრომდე უცნობია, გაიმართება თუ არა დამატებითი კონსულტაცია ოპოზიციის იმ ნაწილს შორის, რომელიც არ აპირებს მონაწილეობის მიღებას პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილ შეხვედრაში. არც "ნაციონალური მოძრაობა", არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც "ლელო" დეპოლარიზაციის თემაზე დაგეგმილ შეხვედრაში ჩართვას არ გეგმავს. 

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, თუ ხელისუფლება რიგგარეშე სესიებს ჩანიშნავს, დაუბრუნდებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს და კანონების მიღებას, ამ შემთხვევაში პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.   

"თუ მოხდა ხელისუფლების მხრიდან რიგ გარეშე სესიების ჩანიშვნა და დაუბრუნდებიან იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და კანონების მიღებას, რა თქმა უნდა, მანდ ჩვენს მივიღებთ მონაწილეობას და ეს იქნება ზუსტად დეპოლარიზაციის როგორც მაგალითი, ასევე კონკრეტულ მოქმედებაში მოყვანილი ნორმალური ფორმა. ახლა ბურთი და მოედანი ხელისუფლების მხარეს არის, ან ჩანიშნავენ რიგგარეშე სესიებს და შეუდგებიან მუშაობას, ან უბრალოდ ისაუბრებენ აბსტრაქტულად დროის გაყვანაზე," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

განცხადება გააკეთა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ. 

"არ ვაპირებთ შევყვეთ ხელისუფლების უსაგნო ფასადურ ქმედებებს, არ ვაპირებთ რომ პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება ხელისუფლებას ჩავარდნაზე, გადანაწილდეს ასევე ოპოზიციაზე. ოპოზიციას, სტრატეგია აღმაშენებელს, ასევე სხვა პარტიებს ექნებათ თავიანთი დღის წესრიგი, თუ ამ დღის წესრიგს დათანხმდება ქართული ოცნება, მაშინ შესაძლებელია რაიმე სახის თანამშრომლობაზე საუბარი თუ არა, დანარჩენი ყველაფერი არის ფასადური," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები