26 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
"უახლოეს ხანში, ამ ექიმების გვარებს და სახელებს დავასახელებ" - კოვიდის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამის განცხადებით, მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გასულ წელს კოვიდის დიაგნოზით გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამის განცხადებით, მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია. 

ჩარკვიანის თქმით, მას აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა აქვს.

"პირველადი მონაცემები გვაქვს გრაფიკულ-კალიგრაფიული ექსპერტიზის, რომელიც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არის გადაწერილი და გაყალბებული. გაყალბებული სამედიცინო ისტორიიდანაც გამოიკვეთა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩემს შვილს უტარდებოდა, ისეთი მედიკამენტები, როგორიც არის ფენტალინი, სხვა მედიკამენტებზეც მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც ათჯერ აღემატება ჰეროინებსა და მორფინს. ამას დამატებული მორფინი ზემოდან, დამატებული ნარკოლოგის არაკონსულტაცია, რომელიც არ უწევდა კონსულტაციას. ვპირდები საზოგადოებას, უახლოეს ხანში მე ამ ექიმების გვარებსაც და სახელებსაც დავასახელებ, არ მომერიდება," - აცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა გაიოზ ჩარკვიანი. 

როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე განმარტავს, რეგულირების სააგენტომ რესპუბლიკური საავადმყოფოს 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

"რეგულირების კომისიამ 21 ივლისს გასცა შოკისმომგვრელი დასკვნა. პირდაპირ აღწერილია, რომ სავარაუდოდ 7 ექიმმა ჩაიდინა დანაშაულებრივი დაუდევრობა, არაეფექტური მკურნალობა ვახო ჩარკვიანთან მიმართებაში, რომელიც გახდა ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზი.

სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ექიმების მხრიდან არაეფექტურ დანაშაულებრივ მკურნალობას, რომელიც იყო მიზეზობრივ კავშირში ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტთან. ველოდებით, რომ გენერალური პროკურატურა მიიღებს სავარაუდოდ კანონიერ გადაწყვეტილებას და ყველა ის დამნაშავე ექიმი უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე,"-აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები