15 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილს საკუთარი პირობები აქვს და რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია

დღეს, ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს, მთავარი თემა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაა. ოპოზიციის ერთი ნაწილი ყველა ფორმატში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მეორე ნაწილს კი საკუთარი პირობები აქვს და რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. მმართველი გუნდი ამას მეცამეტე მოთხოვნად აფასებს და ამბობს, რომ ევროკავშირს მხოლოდ 12 რეკომენდაცია აქვს გაცემული. "ქართული ოცნება" თვლის, რომ ის პარტიები, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებაში არ მონაწილეობენ, ადასტურებენ, რომ მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის საბოტაჟს ეწევა, ევროკომისიის 12-ივე რეკომენდაცია შესრულდება.

"დავიწყებ ამ ე.წ. მე-13 პუნქტიდან, გახსოვთ რომ მხოლოდ 12 პუნქტია, არის 12 მოთხოვნა ჩამოყალიბებული, იქ ბარიერის დაწევაზე და საარჩევნო კოდექსში ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებაზე ერთი სიტყვა არ არის ნახსენები. როგორც კი კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო, ამ წლის ბოლოს, ოპოზიციასთან ერთად განხორციელდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.

ამ პუნქტების შესრულების გზაზე, მიუხედავად იმისა რომ უამრავი ბარიერი აღიმართა, უკვე  ოპოზიციის მხრიდან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ საბოტაჟს ეწევიან ამ სამუშაო შეხვედრებისა ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, ეს პუნქტები შესრულდება. არავის მიმართ არ არის ეს შანტაჟი, ეს არის მე ვფიქრობ ღრმად გააზრებული წინადადება", - აცხადებს ცაგარეიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მანიპულაციური საუბრები ოპოზიციის მხრიდან მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის და არა "ქართული ოცნებისთვის".

"ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმა უნდათ რომ გაასაღონ 13 პუნქტად, ეს ასე არ არის. რაც შეეხება ჩვენს გაცხადებულ მიზანს, ჩვენ ვთქვით, რომ 12-ივე პუნქტი შესრულდება ჩვენი მხრიდან, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამ ხალხს, რომლებიც ცდილობენ რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ბოიკოტი გამოუცხადონ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. საუბარი მათი მხრიდან, ასეთი მანიპულაციური განცხადებები, ეს უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის და არა ბოიკოტი "ქართული ოცნებისთვის"," - ამბობს ოხანაშვილი.

დღის ამბები