17.00 საათზე ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს, მთავარი თემა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაა. ოპოზიციის ერთი ნაწილი ყველა ფორმატში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მეორე ნაწილს კი საკუთარი პირობები აქვს და რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული ფორმულა უაზროა. მისი თქმით, ოპოზიცია პირიქით საქმეს ითხოვს.
""ქართულმა ოცნებამ" უაზრო ფორმულა შემოგვთავაზა, მოდი ჯერ დეპოლარიზაცია და მერე დანარჩენი საქმეების გაკეთებაო, როდესაც 11 მუხლი არის სწორედ პოლარიზაციის და განხეთქილების წყარო. კვლავ უნდათ რომ ეს პროცესი გადაიტანონ რაც შეიძლება შორს, ჩვენ კი პირიქით, ვითხოვთ საქმეს, ვითხოვთ ახლავე იქნას მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებები რატომ არ უნდა იქნას მიღებული ახლავე, ეს ხომ ელემენტარულად რაღაც ნდობას გააჩენდა? მაგრამ ყველაფერი ნათელია, მათ არ უნდათ არცერთი რეკომენდაციის შესრულება," - თქვა გოცირიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია რიგგარეშე სესიის მოწვევას აპირებს და ეს შეხვედრა სწორედ გასატანი საკითხების ჩამოყალიბებას მოემსახურება.
"საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს რიგგარეშე სესიის მოწვევას, შესაბამისად, რა საკითხები უნდა იყოს გატანილი პირველი რიგგარეშე სესიაზე, სწორედ ამაზე ჩამოყალიბებას მოემსახურება საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები. ეს ილუზიაა, რომ "ქართული ოცნება" რამეს შეასრულებს, მითუმეტეს რომ ბატონმა კობახიძემ პირველი საკითხი რაც უნდა ყოფილიყო და ყველაზე მარტივი, იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებზე, გუშინ გვითხრა, რომ საერთოდ არ შესრულდება და პირიქით ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს", - ამბობს ჩიხლაძე.
პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის თქმით, საკითხების ჩამონათვალი საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება, რათა მოიწვიოს საგანგებო პლენარული სესია.
"შესაბამისი ჩამონათვალი საკითხების წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს, თხოვნით, რომ მოიწვიოს საგანგებო პლენარული სესია. თუ უმრავლესობამ არ მოინდომა, მათ შეუძლიათ უბრალოდ სხდომა არ შეიკრიბოს და შესაბამისად ჩავარდეს ეს დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი სრულად არის მორგებული 12 პუნქტის შესრულებას და ცხადია ეს არ გულისხმობს ფსევდო პროცესში მონაწილეობას, რომელიც მოიგონა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ კიდევ დაგვაკარგვინოს ბევრი თვე და საბოლოო ჯამში დეკემბერში მივიღოთ მორიგი უარი", - განაცხადა სამადაშვილმა.