15 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება, წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

ავსტრიის კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინეთ ფოკუსირება, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალიან აფასებს ავსტრიასთან მეგობრობას და თანამშრომლობას.

„მადლობა მოწვევისთვის, ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და ძალიან მოხარული ვარ. დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელზეც უნდა მოვახდინეთ ფოკუსირება, რადგან წლების განმავლობაში გვაქვს დიდი პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, წელს ჩვენ აღვნიშნავთ 30 წლისთავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის. მადლობა ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის.

როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებული იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპის ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ამას ძალიან ვაფასებთ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არამხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ  მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც, მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, რათა ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და ფართო ჩართულობა იყოს, ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო და მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, თუ ეკონომიკური, ამის მიუხედავად საქართველო ინარჩუნებს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ინარჩუნებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას.

"უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება. ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს, როცა გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი შეწყდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა.

მინდა, მადლიერებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ განვითარების სფეროში ავსტრიასთან თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას, ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ, თუნდაც რეფორმები და სხვა მიღწეული პროგრესი, რომელიც თქვენ გაქვთ. ავსტრია შეიძლება ითქვას, საუკეთესო მაგალითია საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, მოხარული ვიქნები, ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. მადლობა ბატონ კანცლერს მოწვევისთვის. მჯერა, რომ ბატონი კანცლერი ასე ეწვევა საქართველოს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები