15 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას, რომელიც როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებით ვითარდება.

ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვენაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რითაც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხდა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. ალექსანდრ შალენბერგმა, ავსტრიის მთავრობის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა.

დღის ამბები