პარლამენტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს იკრიბება სასამართლო რეფორმის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში უნდა შეფასდეს ამ სფეროში გატარებული რეფორმები. კანონმდებლები შეჯერდებიან შემდგომ ნაბიჯებზე.
ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომას არ დაესწრება. პროცესში ჩაერთვებიან "მოქალაქეები," "გირჩი" და გახარიას პარტია.
"სასამართლოს ნაწილში არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რაიმე ეფექტიან ქმედებას განვახორციელებთ. ჩემი მიზანი პროცესის დაკვირვებაა, რომ რას ვაკეთებთ, როგორ უყურებს "ქართული ოცნება" ევროკავშირის დირექტივების შესრულებას და მინდა მქონდეს ინფორმაცია, რომ კრიტიკა კვალიფიციურად შევძლო.
დეპოლარიზაციის ჯგუფში მონაწილეობის დიდი სურვილი მაქვს და ასევე, დეოლიგარქიზაციას მინდა ცალი თვალით შევხედო. ოპოზიციის იმედი მაქვს, რომ სხვა გზას არ დაუტოვებს ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ დეპოლარიზაციაზე სერიოზულად იფიქროს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პროცესში მონაწილეობას არ იღებს "ნაციონალური მოძრაობა".
"ეს არის შეხვედრები, რომლის ამოცანა და მიზანი არის დროის კარგვა, დროის გაწელვა და ქმედითი ნაბიჯების არ გადადგმა, სწორედ, ამ მოტივით არ ვიღებთ მონაწილეობას. თუკი დავინახეთ, რომ თუნდაც 1% არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ საუბრები მოქმედებაში გადაიზარდოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ვისაც სურს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, მონაწილეობა უნდა მიიღონ სამუშაო პროცესში.
"მათ კონკრეტული ხედვა არ აქვთ სასამართლოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და არცერთი მოსამართლის განხილვას არ დასწრებიან, არც კი გასჩენიათ იმის სურვილი რომ მოსულიყვნენ და ამ მოსამართლეებისთვის კითხვები დაესვათ.
ერთადერთი, რაც ვიცი და ოპოზიციის გარკვეული ნაწილისგან თქმულა - ისე გავართულოთ მოსამართლის გამწესება უზენაეს სასამართლოში, ფაქტობრივად ვერ მოხდეს მოსამართლის არჩევა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სამუშაო ჯგუფების შექმნა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად დაისახა.