"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ქართული ჯარი მძიმე მდგომარეობაშია.
"ღია ტექსტით ლანძღავენ ამერიკას და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტრები, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოს. კარგი, დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რა დღეშია ქართული ჯარი, რას გააკეთებს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან, ვის რაში სჭირდება",- განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, უმაღლესი მთავარსარდალი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, როგორც განაწყობს ჯარს, ჯარიც ისე მოიქცევა.
"ქართული ჯარი ვერ იომებს, როდესაც მას ჰყავს მოღალატე რეჟიმი, მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ანგრევს მთლიანად საქართველოს თავდაცვის სისტემას პუტინის გეგმის შესაბამისად, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად და წინასწარ ნერგავს კაპიტულანტურ სულისკვეთებას, რაც არ უნდა კარგი ჯარისკაცები გვყავდეს და ასეთები, მადლობა ღმერთს უამრავი გვყავს, ეს რეჟიმი, ეს ხელისუფლება მას წინასწარ წირავს დასამარცხებლად. ასეთი ჯარი სამწუხაროდ, როდესაც მას სათავეში უდგას მოღალატეები და კოლაბორაციონისტები, ბუნებრივია ,ვერ იქნება ბრძოლისუნარიანი,"- აცხადებს გია ბარამიძე.