პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო, რომელიც, თავის მხრივ, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ნაწილია.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უნდა შეფასდეს ამ სფეროში გატარებული რეფორმები. კანონმდებლები შეჯერდებიან შემდგომ ნაბიჯებზე.
ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომას არ ესწრება. პროცესში ჩართულები არიან "მოქალაქეები," "გირჩი" და გახარიას პარტია.
"მე დიდი ხანია, მოვამზადე შეფასების დოკუმენტი 4-ვე ტალღის მიმართ [ოთხი ტალღის შეფასება, რომელიც სასამართლოში ჩატარდა] და ეს დოკუმენტი დიდი ხანია გადავეცი, როგორც მმართველ პარტიას, ასევე, სხვა პარტიებს პარლამენტში. მე დღეს ველოდები ისინი წარმოადგენენ რაიმე დოკუმენტს და მეც მექნება საშუალება მათი ხედვა დავინახო სასამართლოს მიმართ. ჩემთვის უცნობია, ვის რა ხედვა აქვს, მათ შორის უცნობია მმართველი პარტია რეალურად რაზე არის წამომსვლელი, მართლა სისტემურად აპირებს თუ არა რეფორმა გაატაროს სასამართლოში, თუ ეს ისევ მოჩვენებითი ცვლილებები იქნება, რომელიც პრობლემას არ აღმოფხვრავს," - აღნიშნა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.
გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოს" წევრები სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი საკითხების დასმას აპირებენ.
ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელიც სხდომას არ ესწრებიან, აცხადებენ, რომ მათთვის უპირატესი პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩანიშვნაა.
"სტრატეგია აღმაშენებელი," როგორც განვაცხადეთ ერთადერთ საკითხს დავუჭერთ პარლამენტში მხარს, რადგან ამაზე პირობა დავდეთ და პირობას არასდროს ვტეხთ. ეს არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რადგან ფორმალურადაც დადასტურდეს რომ "ქართული ოცნება" არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ამის შემდგომ ჩვენ ნაკლებად ვხედავთ საპარლამენტო მუშაობის რაიმე პერსპექტივას, იმიტომ რომ "ქართულ ოცნებას" არაფრის გაკეთება არ უნდა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე, "ლელოს" წევრის ლანა გალდავას თქმით, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, სანამ არ ჩაინიშნება საგანგებო სესია, სხვა პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ.