26 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულებულია - პარტიებმა წარადგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას არსებული პრობლემები

პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულებულია - პარტიებმა წარადგინეს საკუთარი ხედვა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მართლმსაჯულების სისტემა და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წარმომადგენლის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არ უნდა იყოს დესტრუქტორი ამ პროცესში.

"პროცესში ყველა ჩართული უნდა ვიყოთ მიუხედავად იმისა ვენდობით "ქართულ ოცნებას" თუ არა, ოპოზიცია არ უნდა იყოს დესტრუქტორი ამ პროცესში.

ჩვენი და ოპოზიციის ურთიერთობას რაც ეხება, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ არიან ოპოზიციაში ისეთი ადამიანები, ვისაც კრიტიკას რომ დაუწყებ, ან კითხვას რომ დაუსვამ, იმის მაგივრად რომ გიპასუხოს და დისკუსიაში შემოვიდეს, გარბის. ამიტომ, ნაწილმა ოპოზიციონრებმა სხვა ჩათი შექმნეს და დაგვემალნენ. მე ზუსტად არ ვიცი მე ვინ ამომშალა ჩათიდან, მაგრამ ვიცი, რომ გიორგი ვაშაძე ცდილობდა ლევან იოსელიანი ლევან იოსელიანის შექმნილი ჩათიდან ამოეშალა", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, სასამართლოს მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი და სწორედ ამიტომ ჩაწერა 12 პუნქტში ევროპულმა საბჭომ სასამართლოს საკითხიც.

"ყველას კარგად გვესმის, რომ სასამართლოში არის დაგროვილი უამრავი პრობლემა, სასამართლოს მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი და სწორედ ამიტომ ევროპული საბჭო გვეუბნება, რომ ეს საკითხი ექვემდებარება შეცვლას და იმიტომ ჩაწერეს იმ 12 პუნქტში. მინდა, რომ მართლა ხელშესახებ ცვლილებებს ჩავუყაროთ საფუძველი. ახლა ვფიქრობ, რომ არის ამის შესაძლებლობა, ვნახოთ "ქართულ ოცნებას" აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

"ქართულ ოცნებასთან" ერთად პროცესში ჩართულია "გირჩი", "მოქალაქეები", "ევროპელი სოციალისტები" და გიორგი გახარიას გუნდი - სხვა პარტიები ბოიკოტს უცხადებენ სამუშაო ჯგუფებს, რაც "ქართული ოცნების" შეფასებით, ევროპის პირობების შესრულების პროცესს აზიანებს.

"ორად ორი დოკუმენტია წარმოდგენილი აქამდე. პარტია "მოქალაქეებმა" ბატონმა ლევან იოსელიანმა წარმოადგინა მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი და "ქართული ოცნების" გუნდმა წარვადგინეთ ეს დოკუმენტი. საუბარი იყო ასევე "ლელოს" მხრიდან და მათ ჰქონდათ დოკუმენტი, თუმცა არა თუ დოკუმენტი, საერთოდ "ლელოს" წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე. მომდევნო კვირაში აუცილებლად შევიკრიბებით, გავცვლით მოსაზრებებს ჩვენს მიერ დაწერილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რა საკითხები იქნება დასაიდენტიფიცირებელი, რაზე ვთანხმდებით და რა შეიძლება გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი, ამას გამოვყოთ და ამის შემდგომ გავწერთ გრაფიკს ყველა იმ დაინტერესებულ პირთან შეხვედრის და მათი მოსაზრების მოსმენის, ვისაც აქვს ნამუშევარი და მუშაობს სასამართლოში.

პოლიტიკური ოპონენტები, ვინც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრნენ, მათი მხრიდან საუბარი ფასადურობაზე, თუ ისინი საუბრობენ ამ ფორმატის უმნიშვნელობაზე, ნამდვილად არასერიოზულია და ეს არის ხალხი, რომლებიც მაგიდას უყირავებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები