26 დეკემბერი 2024,   22:21
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დეივიდ სმოლიაკს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განხილვის მთავარ თემას ჩეხეთის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენდა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროპული პერსპექტივის მიღება მნიშვნელოვანი ხელშესახები მიღწევაა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საუბარი ასევე, შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს სატრანზიტო როლისა და პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას.

დეივიდ სმოლიაკმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მუდამ იქნება ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.

მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხ კოლეგას პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

დღის ამბები