საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს.
მისივე თქმით, ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.
"ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ.
ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა.
სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია – ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო,"- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.