ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და არ აპირებს შეუერთდეს ჯგუფს, რომელშიც ხელისუფლება და 3 ოპოზიციური პარტია რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ისევ მთავარ მოთხოვნად რჩება. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში არ მონაწილეობს, საკუთარი გეგმის წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
მათი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით უნდა დაიწყოს და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდებიან ისინი მმართველ გუნდთან ერთად სამუშაოდ. კოლეგებისგან განსხვავებით, "გირჩი", "მოქალაქეები" და გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას განაგრძობენ.
მათი განცხადებით, 12 პუნქტის შესრულება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ვალდებულებაც არის და აუცილებელია მხარეებს შორის დიალოგი. მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში.
"ეს არ არის "ქართული ოცნების" ან ოპოზიციის დღის წესრიგი - ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, რომელშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათ უნდა გადააბიჯონ პარტიულ ინტერესებს და მიიღონ მონაწილეობა ყველა პროცესში. საჯარო უნდა გახადონ პროცესი, როგორც მე ვაპირებ და საზოგადოებას ანახონ მართლა მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" მონაწილეობას", - აცხადებს იოსელიანი.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე აცხადებს, რომ სესიის მოწვევაზე მუშაობს, რომელიც მმართველი პარტიის ტესტი იქნება.
"ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო სესიის მოწვევაზე, რომელიც მნიშვნელოვანი ტესტი იქნება იმისა თუ რამდენად სურს ოცნებას თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის მიზნით. ამით გამოჩნდება აქვს თუ არა ოცნებას თანამშრომლობის რესურსი იმისათვის, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყოს", - ახცადებს ბუაძე.
მმართველ გუნდში კი მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ თუ ბოიკოტის რეჟიმი გააგრძელა საზოგადოება და ევროპა ამას მკაფიოდ დაინახავს.
"თუ ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ბოიკოტის რეჟიმი შეინარჩუნა, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ამას პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. საზოგადოებაც და მთელი ევროპაც ამას მკაფიოდ დაინახავს",- აცხადებს სარჯველაძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.
"მოწოდებაა, რომ ოპოზიციამ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ამ ფორმატში კი ისინი არ აპირებენ მონაწილეობას, რითაც ამ ყველაფერს აზიანებენ,"- აცხადებს მაჭარაშვილი.