26 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სპეცოპერაციამდე ვარშავაში ქართველი "კანონიერი ქურდები" ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ - გადმოსცემენ თუ არა საქართველოს ლავასოღლის ახლო გარემოცვის 4 წევრს

ქართულ კრიმინალურ ავტორიტეტებს პოლონეთის პოლიციამ კარგად ორგანიზებული საგანგებო შეკრება ჩაუშალა. ვარშავაში ე.წ. "ობშიაკის" გასაყოფად ჩასული ქართველი "კანონიერი ქურდები" სპეცდანიშნულების რაზმის ხაფანგში მოჰყვნენ, თუმცა მათმა უმეტესობამ გაქცევა მაინც მოახერხა.

პოლონეთის დედაქალაქში მასშტაბური ქურდული შეკრებისთვის ვარშავაში 35 ქართველი კანონიერი ქურდი ჩავიდა. გავლენიანი ავტორიტეტების კონცენტრაცია პოლონელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მოექცა. სპეცოპერაციის დაწყებამდე შეკრების მონაწილეთა უმრავლესობამ გაქცევა მოახერხა, მათ შორის მინდია გორაძემ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ლავასოღლის სახელით იცნობენ.

ქართული მაფიის 35 წევრიდან დაჭერილია მხოლოდ 4, ერთი კი მძიმე ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, მას ქურდები სპეცოპერაციის დაწყებამდე გაუსწორდნენ.
კრიმინალური “ავტორიტეტი“ ახლა ვარშავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვარშავაში ჩასულ "კანონიერ ქურდებს", კლანებს შორის არსებული დაპირისპირება და ე.წ. ობშიაკის საკითხები უნდა განეხილათ. დაპირისპირების ერთ მხარეს ლავასოღლის დაჯგუფება წარმოადგენს, მეორე მხარეს კი ავთანდილ ტუღუში, რომელიც ტარიელ ონიანის მოკავშირეა. ლავასოღლის ადვოკატი ვარშავაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

ლავასოღლიმ მიმალვა შეძლო, თუმცა სპეცრაზმის ხელში აღმოჩნდა მისი გარემოცვის ოთხი წევრი. დაკავებულები არიან კანონიერი ქურდები: რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშვილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, სულხან თვალჭრელიძე საქართველოში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს. თბილისის პროკურატურამ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, მასთან დისტანციურ კავშირზე მყოფ 5 პირს კი სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

"კურიერი" დღეს მამუკა კვიჟინაძის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ის წლებია საქართველოში არ გამოჩენილა, თუმცა ადასტურებენ, რომ სხვადასხვა დროს კვიჟინაძის სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა.

არშემდგარი ქურდული შეკრება გაურკვეველი დროით გადაიდო. არ არის გამორიცხული ვარშავაში დაკავებული ოთხი კანონიერი ქურდი პოლონეთმა საქართველოს გადმოსცეს.

დღის ამბები