26 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
"ექიმები მეუბნებოდნენ, თვალებში ნუ მიყურებო, შავი მაგიის ეშინოდათ" - "აზოველი" მებრძოლი ჯოჯოხეთური მოგონებების შესახებ ჰყვება

ოკუპანტების ტყვეობიდან დაბრუნებული "აზოვის" პოლკის მებრძოლი დმიტრი უსიჩენკო (მეტსახელად"ვიშნია"), მარიუპოლში მომხდარი საშინელებებისა და ტყვეობაში გატარებული დღეების შესახებ უკრაინულ მედიასთან ჰყვება.

მისი თქმით, ის მარიუპოლში მას შემდეგ ჩაფრინდა რაც სიტუაცია უკვე დამძიმდა და იქ მყოფ აზოველებს დახმარება სჭირდებოდათ. როგორც უსიჩენკო ამბობს, მარიუპოლში მას უკვე ისეთი მდგომარეობა დახვდა, რომელიც საშინელებათა ფილმს "საილენტ ჰილს" აგონებდა.

"სანაპიროთი მივედით გრეჩესკის შესახვევამდე. იყო მომენტი, რომელსაც ყოველთვის ვადარებ ფილმს "საილენტ ჰილს". ასეთი მარიუპოლი არასდროს მინახავს. ეს იყო რაღაც სიურეალისტური. გრძელ სკამზე დავინახე გვამი, რომელიც იჯდა და ის არავის მიჰქონდა. მახლობლად დედა ბავშვს ეტლით ასეირნებდა, იქვე ახლოს ბავშვები ბურთით თამაშობდნენ.

ხეივანში კიდევ რამდენიმე გვამი იყო, ბავშვები კი ბურთს თამაშობდნენ, გვამებს არ იმჩნევდნენ და იცინოდნენ.  გზად 5 ბავშვი შეგვხვდა, მათთან ახლოს მივედით და  ვნახეთ რომ ყველა მათგანი კონტუზირებული იყო... ცარიელი, შუშისებრი მზერა ჰქონდათ... გაფართოებული თვალებით იცქირებოდნენ, გვითხრეს რომ წყალზე მიდიოდნენ," - ამბობს აზოველი მებრძოლი.

მისი თქმით, როდესაც მებრძოლებმა მარიუპოლის დაცვის შეწყვეტის და "აზოვსტალის" დატოვების ბრძანება მიიღეს, მისი პირველი აზრი იყო, რომ ოკუპანტებს ცოცხალი არ ჩაბარებოდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს სუსტი ნებისყოფის გამოვლენა იქნებოდა.

დმიტრი უსიჩენკო ამბობს, რომ "აზოვსტალიდან" ის საკაცით გაიყვანეს და შემდგომში ფორმალურად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელშიც, მისი თქმით, შესაბამის მედიკამენტებს  და მკურნალობას მაინც ვერ იღებდა.

"ექიმები მეუბნებოდნენ, თვალებში ნუ მიყურებო, მათ ეშინოდათ შავი მაგიის. ისე ეშინოდათ აზოვის და აზოველების, ფიქრობდნენ რომ ჩვენ იმქვეყნიური ძალები გვეხმარებოდნენ," - ამბობს დმიტრი უსიჩენკო.

გავრცელებულ ვიდეოში დმიტრი უსიჩენკო ჰყვება ჯარისკაცებში გავრცელებული ისტორიის შესახებ, რომელიც ოკუპანტების აზოვის პოლკის მეთაურის დენის პროკოპენკოს ("რედის") წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას უკავშირდება. იზოლატორში შესულ დენის პროკოპენკოს იქ მყოფი უკრაინელი ტყვე ჯარისკაცები სამხედრო სალმით დახვდნენ და მის მისალმებას "დიდება უკრაინას!" შესაბამისად უპასუხეს.

დღის ამბები