15 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ხელისმომწერი პარტიები, ვინც ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა, მივმართავთ პრეზიდენტს - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება, დღეს საკუთარი გეგმის გასაჯაროებას აანონსებს. ეს იქნება განცხადება, რომელშიც ოპოზიცია საკუთარ ხედვას და კონკრეტულ პუნქტებს წარმოადგენს.

მათი თქმით, დასახელდება ის კანონპროექტები, რომლებიც მმართველმა გუნდმა რიგგარეშე სხდომებზე უნდა მიიღოს. დღესვე ხელისუფლების ოპონენტები რიგგარეშე სესიების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

"საქმე ეხება კანონპროექტებში ცვლილებების შეტანას, რომელიც აბსოლუტურად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან მოდის და ასევე, გათვალისწინებულია მასში ყველა ის შენიშვნა, რომელიც ჰქონდა ჩვენს არასამთავრობო სექტორს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ამ შანსს და შეუდგება მუშაობას ჩვენთან ერთად და არ მოახდენს ბოიკოტირებას," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა და ამისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. 

"ხელისმომწერი პარტიები, ვინც ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა, მივმართავთ პრეზიდენტს,  საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, დღის წესრიგის საკითხებიც უკვე განსაზღვრულია და უკვე შეგვიძლია ამაზე საუბარი. ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, მეორე საკითხია სასამართლოების შესახებ ცვლილებებზე და მესამე საკითხი არის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პეტიციას არ უერთდება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც კონსულტაციებშია ჩართული. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ  ოპოზიცია რიგგარეშე სხდომისთვის არ არის მზად.

"ჩვენ არ ვაწერთ ხელს ამ მოთხოვნას ორი მიზეზის გამო. ერთი, ოპოზიციას ჩვენს გარეშეც ყოფნის ხელმოწერები და მეორე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ოპოზიცია არ არის მზად რიგგარეშე სხდომისთვის. არ აქვს ჩამოყალიბებული მოთხოვნები სრულად, არ არის სათანადოდ ნამუშევარი მათ შორის ქართულ ოცნებასთან და სხდომის მოწვევა სხდომის მოწვევისთვის არ მიგვაჩნია მაინც და მაინც სწორად," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები