"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ ნათქვამ მოთხოვნას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის დამოუკიდებელი დეპუტატების დამოუკიდებელი აზრი, სრულ ილუზიაშია. გრძელდება ჩვეულებრივად ელჩის დისკრედიტაცია, ელჩის რომელიც აბსოლუტურად ყველა ჩვენს საქმეში არის ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და უამრავ სიკეთეს აკეთებს ამ ქვეყნისთვის. უხერხულობას რომ თავი დავანებოთ, მართლა უკვე სირცხვილია და აღარ ღირს რომ ყურადღება მივაქციოთ მსგავსი ტიპის განცხადებებს," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კი განცხადების შინაარსს არ აფასებს ამბობს, რომ პროპაგანდისტული შტურმი და კლიშეების მიწებება "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე, რომ ისინი ანტიდასავლური რიტორიკის მატარებლები არიან, მიუღებელია.
"ამ განცხადებებს შინაარსობრივად არანაირად არ ვაფასებ, ერთადერთი ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს კლიშეების მიწებება, შევიდნენ პოლემიკაში ყველა ადამიანთან. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს პოლემიკა და არა კლიშეების მიწებება და ადამიანების სტიგმატიზება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 დეპუტატის - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ "ქართული ოცნება" საკრებულოების რამდენიმე წევრმაც დატოვა.
ამასთან, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავენ. დეპუტატები ელჩისგან ითხოვენ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც რამდენიმე დღის წინ დეგნანს მიხეილ ყაველაშვილმა დაუსვა. მთავარი კითხვაა, იზიარებს თუ არა მათი თქმით, ელჩი ოპოზიციის რიტორიკას ომის დაწყებასთან და მათივე მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ეხება.