საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ევროკავშირის მიერ გაცემული 12 შესასრულებელი წინაპირობიდან რამდენიმე მიმართულებას - პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ეხება.
"აქ არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც ინიცირებულია, ზოგი უკვე განხილულია პარლამენტში. არ სჭირდება ამას დამატებითი დრო და ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ დავსხდეთ და ამ საკითხებზე ვისაუბროთ სამუშაო რეჟიმში. ეს ოთხი საკითხი, რომელიც აქ არის შესული, პირდაპირ ფარავს 12 რეკომენდაციის სამ საკითხს. არანაირი წინაპირობა არ არის. ეს არის კონკრეტული დღის წესრიგი და პირიქით, ხელისუფლებას ვთავაზობთ არა უსაგნო დიალოგებში შესვლას, პირდაპირ დავიწყოთ სამუშაო პროცესი კომიტეტებზე და სესიებზე,“ - აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე, სერგო ჩიხლაძე.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ არის საკითხები, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი პროცედურები, საჭიროა მხოლოდ კენჭისყრა.
"საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, სასწრაფოდ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ამით ხელი შეუწყოს იმ 12 რეკომენდაციის შესრულებას. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში შეტანილი საკითხების ერთი ნაწილი საჭიროებს საკომიტეტო განხილვებს და ეს ცალკე პროცესია, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც არ სჭირდება არავითარი დამატებითი პროცედურები, საჭიროა მხოლოდ კენჭისყრა და ამით ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მოგვარებული," - აცხადებს რომან გოცირიძე.
პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, რეფორმას საჭიროებს.
"მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული მიმართულებაც. მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, ასევე ხელისუფლების რეალური დანაწილება,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პეტიციას ხელს არ მოაწერს.
"რიგ გარეშე სხდომის შესახებ მოთხოვნას მე ხელს არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო. საკითხები, რომელიც არის მოთხოვნილი ოპოზიციის ნაწილის მიერ, ჩემი აზრით, არ არის მომზადებული. თუ რიგ გარეშე სხდომას მოიწვევს, რა თქმა უნდა, სხდომას დავესწრები, ოღონდ ამ სხდომაზე მე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იქნება,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.