26 დეკემბერი 2024,   23:43
ვრცლად
18 პუნქტიანი რეზოლუციის პროექტი და კრიტიკა ევროპარლამენტიდან -  მოწოდებები ბრიუსელიდან და შეფასებები თბილისში

პოლიტიკური დიალოგი, არჩევნები, სასამართლო რეფორმა და მედიის უფლებები - 18 პუნქტიან რეზოლუციაში, ევროპარლამენტარები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოსგან სწორედ ამ მიმართულებებით მუშაობას ელოდებიან. რეზოლუციის პროექტი, თანაბრად აკისრებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციურ პარტიებს, რომ დეპოლარიზაცია მოხერხდეს. დოკუმენტში 19 აპრილის შეთანხმებაზეც გაკეთდა ჩანაწერი. რეზოლუციის პროექტი პირველი მოსმენით საგარეო კომიტეტმა უკვე განიხილა. ევროპელ დეპუტატებს დოკუმენტი, ავტორმა, სვენ მიქსერმა გააცნო. ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე და მას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალი უწოდა.

სვენ მიქსერის გამოსვლის შემდგ, საგარეო კომიტეტი პოლიტიკური დებატებით გაგრძელდა. განცხადება თითქმის ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა გააკეთა, რომლებიც ქართულ პოლიტიკას კარგად იცნობს. ევროპარლამენტარების ნაწილის მხრიდან ისმოდა მწვავე შეფასებები და პირდაპირი მინიშნებები დეოლიგარქიზაციის შესახებ.

საქართველოს ევროპული მომავლის გზამკვლევი ევროპარლამენტარებისთვის ის 12 პუნქტიანი რეკომენდაციაა, რომელიც ქვეყანამ ევროკომისიისგან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო. ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, პირობები გარკვევითაა გაწერილი და მისი იმპროვიზაცია ვერ მოხდება. საქართველოს პარტნიორები აღნიშნავენ, რომ უთანხმოებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად იდეალური დროა და პროცესში ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობაზე საუბრობენ.

როგორ შეასრულებს საქართველო ევროპის რეკომენდაციებს - ამაზე ანგარიში ევროკომისიას 2022 წლის ბოლოს უნდა შეადგინა, თუმცა შესაძლოა თარიღი შეიცვალოს და არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს მომზადდეს. განცხადება ვადის შესაძლო გადაწევაზე, ევროკომისიის წარმომადგენელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მიხაილ რუპი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში არ უნდა ააჩქარონ. მის თქმით, ვადის გახანგრძლივებაზე წინადადება ევროპული საბჭოდან მიიღეს.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის მომზადებამდე, კომისია სავარაუდოდ კიდევ ერთ დოკუმენტზე იმსჯელებს. შესაძლოა აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდეს კომისიის დასკვნა, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას, ასოცირების საბჭო კი 7 სექტემბერს შეიკრიბება.

დღის ამბები