საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებაში ეხმარება და, მათ შორის, ფინანსურადაც :
"როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თუ ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ამაში გვეხმარება ევროკავშირი, მათ შორის ფინანსურად, ეს ქვეყნისთვის არის სარგებელი. ამაზე არის საუბარი, რომ თუ არ ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, თავი გავანებოთ კანდიდატის სტატუსს. თუ არ გვაქვს რეფორმების თვალსაზრისით პოლიტიკური ნება, შესაბამისად, ევროკავშირი არც დაგვიჭერს ამაზე მხარს და არანაირ ფინანსურ ინვესტიციას ქვეყანაში არ ჩადებს, თუმცა თუ ვდგამთ ამ მიმართულებით ნაბიჯებს, ვიღებთ ფინანსურ ინვესტიციასაც , დახმარებას, მხარდაჭერას და ეს აისახება კანდიდატის სტატუსშიც," - აცხადებს სიმონიშვილი.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და - თანხასაც.
"ჩვენ ახლა დროს ვკარგავთ და არა თანხას, ერთი წლის შემდეგ იქნება თუ 2 წლის შემდეგ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ამ თანხას მიიღებს. რომ ვთქვათ რომ ვკარგავთ, არ ვკარგავთ. ეს თანხა დაკარგული იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ არ დაგვრჩება თეორიული შანსი, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ასევე, მეორე მიმართულებაა მნიშვნელოვანი, ჩვენი შიდა რეფორმები, 12-პუნქტიანი გეგმა, რაც გვაქვს მოცემული და შესასრულებელი. ამ გეგმის შეუსრულებლობა, მეორეს მხრივ, საქართველოს ფულს აკარგვინებს, რადგან გეგმის შესრულება საქართველოს ბიზნესგარემოს ძალიან გააუმჯობესებს," - ამბობს ნამჩავაძე.