26 დეკემბერი 2024,   15:27
ვრცლად
პოლიტკური სპექტრი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე პრეზიდენტის გადაწვეტილებას ელოდება - რა მოლოდინი აქვთ მიმართვის ავტორებს

დანიშნავს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომას - ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად სალომე ზურაბიშვილს ვადა ხვალ დღის ბოლომდე აქვს. მოთხოვნა ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტს გუშინ გაუგზავნა.

პარტიები, რომლებიც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ, ამბობენ, რომ თავდაპირველად საშემოდგომო სესიაზე ერთობლივად მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა მოხდეს, რათა ერთად მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდეს.

"ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობამ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ჩიხში და კუთხეში მიაყენა "ქართული ოცნება". დღისწესრიგი მოცემული არის ჩვენ მიერ წარგზავნილი საკითხებით. ვერაფერი სხვა საკითხი ვერ დაემატება რიგგარეშე სესიას. მხოლოდ იმ 4 საკითხზე შეიძლება იყოს, რა 4 საკითხიც ინიცირებული არის ოპოზიციის ერთობლივი წერილით პრეზიდენტთან. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ეს არის ტესტი საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ," - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

საკუთარ დამოკიდებულებას არ ცვლის ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც 12 პუნქტის შესრულებაზე "ქართულ ოცნებასთან" ერთად სამუშაო პროცესშია ჩართული. 

"საპარლამენტო სესიის მოწვევას დიდი შინაარსი არ გააჩნია. ის რომ ეს მოწვეული სხდომა ჩავარდეს, ამისთვის საჭიროა "ქართული ოცნება" არ გამოცხადდეს. ასეთი პრეცედენტები იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. შესაბამისად, ქართული ოცნებისთვის ეს გაკვალული გზა არის. შესაბამისად, ამ სხდომის მოსმენაზე მეტ ყურადღებას მე მივაქცევდი იმას, რომ ამ სხდომაზე ოპოზიციას სათქმელი ჰქონდეს, რომელიც იქნება გასაგები ხალხისთვის და დამაჯერებელი კოლეგებისთვის. სანამ ეს სამუშაოები არ არის ჩატარებული, გამოსვლა და სხდომების მოთხოვნა არის პოლიტიკური პიარის ნაწილი და მას შედეგი ნაკლებად აქვს," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციის ნაწილის ულტიმატუმს და მოთხოვნას რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე არაადეკვატურად მიიჩნევს მმართველი გუნდი. ბექა დავითულიანის განცხადებით, სხდომის ჩანიშვნის მიზანს ვერ ხედავს.

"რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. თუ ჩატარდება სხდომა, ამაზე უმრავლესობის ფორმა მსჯელობა არ გვქონია. რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ჯერ იმდენი სამუშაო გასაწევი, ამ თვალსაზრისით ამ სხდომის მიზანს ვერ ვხვდები. თუ ჩაინიშნება ალბათ რიგითი საკითხების განხილვა მოხდება," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები