26 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ევროპარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა - ამას რომ ქართველი ხალხის სახელით ვუპასუხებთ, არავის უნდა გაუკვირდეს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლებისადმი შეურაცხმყოფელს უწოდებს ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებებს, „თითქოს საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს“.

როგორც პაპუაშვილმა რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გუშინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, საქართველოში ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე საუბარი, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის პარლამენტის ზოგიერთ წევრზე, ეს არის რამდენიმე წევრი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიპათიით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც საუბარია ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე როგორც ოლიგარქზე, ეს არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. ევროპარლამენტის ეს კონკრეტული წევრები ამით ამბობენ, რომ სინამდვილეში თითქოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები კი არ არიან ხელისუფლება, არამედ ეს არის ფასადი და ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელისუფლების შეურაცხყოფა, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ. მიკვირს, როდესაც რეაქციები უკვირთ შემდეგ. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ასე შეურაცხყოფით ესაუბრებიან, თითქოს დამოუკიდებლად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამას რომ ქართველი ხალხის სახელით ვუპასუხებთ, მგონი, არავის უნდა გაუკვირდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

გარდა ამისა, კითხვაზე, მოიხსნა თუ არა კითხვები იმის შესახებ, ვის მოიაზრებს ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციაში ოლიგარქად, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტარებმა - რასა იუკნევიჩიანემ და ანდრიუს კუბილიუსმა ოლიგარქად ივანიშვილი დაასახელეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კითხვები მოიხსნა, რადგან ევროკავშირის ელჩის თქმით, აქ კონკრეტული ინდივიდები არ იგულისხმებიან.

„რა თქმა უნდა, კითხვები მოიხსნა, ვინაიდან ევროკომისიის პოზიციას წარმოადგენს ევროკომისია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში და არა ევროპარლამენტის რომელიღაც წევრი. ევროკომისიის პოზიცია გააჟღერა ელჩმა, რომელმაც თქვა, რომ აქ არ იგულისხმებიან კონკრეტული ინდივიდები, არამედ აქ იგულისხმება სახელმწიფო სისტემის ისეთი მდგრადობა, რომელიც შეასუსტებს შესაძლებლობას, რომ იყოს ცალკეული პირების გავლენა ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. პირდაპირ თქვა ევროკავშირმა, რომელსაც წარმოადგენს ევროკომისია და მისი ელჩი, რომ აქ არ იგულისხმებიან ინდივიდები. მიუხედავად ამ განმარტებისა, კონკრეტულმა დეპუტატებმა მანიპულაციურად კვლავ გააგრძელეს ის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიემართება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა. დეპუტატების განცხადებები, რომ თითქოს ოლიგარქის ქვეშ ივანიშვილი იგულისხმება, არის დეზინფორმაცია, ვინაიდან ევროკავშირი ოფიციალურად აცხადებს, რომ აქ იგულისხმებიან არა ინდივიდები, არამედ იგულისხმება სახელმწიფო სისტემა, რომელიც მდგრადი უნდა იყოს ასეთი რისკების წინააღმდეგ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

დღის ამბები