"ქართული ოცნების" შეფასებით ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არ მონაწილეობს ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ საკითხებში, ეს არის არა ბოიკოტი, არამედ გამიზნული საბოტაჟი, რომელიც პროცესს აზიანებს.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ამგვარი ქცევა ემსახურება ერთადერთ სურვილს, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაკარგოს პროევროპული კურსი.
"ეს არა ბოიკოტი, არამედ პროცესის საბოტაჟია. ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი და თავად ის, რომ არ ერთვებიან ისინი აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა იმისათვის, რომ საქართველომ პოზიტიური პასუხი არ მიიღოს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით კი, არავინ უნდა მოელოდოს, რომ რადიკალური ოპოზიცია თავის მოთხოვნებს გადაუხვევს, რომლის მიხედვითაც ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.