15 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეპუტატები ეწვევიან - როგორი იქნება მათი რეკომენდაციები და გზავნილები

ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში- 7 ევროდეპუტატი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, 20 და 21 ივლისს შეხვედრებს საქართველოს დედაქალაქში გამართავს. დეპუტატების თქმით, ეს ვიზიტი დროული და მნიშვნელოვანია. ევროპელ კანონმდებლებს შეხვედრები ექნებათ როგორც მმართველ გუნდთან, ასევე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან. განხილვის მთავარი თემა იქნება, თუ როგორ აპირებს საქართველო იმ 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაც ქვეყანას ევროკომისიამ სტატუსის მისანიჭებლად დაუწესა.

" ცხადია ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ გვსურს სამომავლო საკითხები განვიხილოთ. საქართველოს ევროპულ კომისიამ განუსაზღვრა ევროპული პერსპექტივა, ახლა კი, ქვეყანამ თავისი დავალება უნდა შეასრულოს. ყველა პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, ამის შემდეგ კი ევროკავშირის კანდიდადტის სტატუსს მიიღებს ქვეყანა. მოვუწოდებთ მთავრობას, ოპოზიციას და ყველა პასუხისმგებლიან ძალას, მუშაობისკენ. ყველამ იცის ის გრძელი სია, რაც უნდა შესრულდეს. ჩვენ ევროპარლამენტი კი მხარს ვუჭერთ ქართველ პარტნიორებს ამ გზაზე. ცხადია, აუცილებელი რეფორმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს", -აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტის დეპუტატი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ განხილვის მთავარი თემა, რეგიონალური უსაფრთხოება და ეკონომიკური გამოწვევები ქინება. 

"ველოდები, რომ განხილვის თემა რეგიონული საკითხები, უსაფრთხოება და ეკონომიკური გამოწვევები იქნება. ფოკუსი გაკეთდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც და რეკომენდაციების შესრულებაზე, ასევე ქვეყნის გეგმებსა და იმაზე თუ, როგორ აპირებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ, ისევ იმ გზავნილს გავიმეორებთ, რაც ევროპარლამენტს მანამდე ჰქონდა დაფიქსირებული. ეს გზავნილი კი შემდეგია, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. აშკარაა, რომ ევროპის კარი ღიაა იქამდე, სანამ ქვეყანა აწევს სტანდარტებს და შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის პოლიტიკასთან სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური სტაბილურობა თუ სხვა. ეს პირობები ყველასთვის კარგად ცნობილია. მე მოვუწოდებ ლიდერებს, მოეკიდონ ამ დავალების შესრულებას , კონკრეტულად კი რეფორმების იმპლემენტაციას ძალიან სერიოზულად", - აცხადებს სვენ მიქსერი.

ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან კი "შინ ევროპისკენ" აქცია გაიხსენა და მას შთამბეჭდავი არაპოლიტიკური აქცია უწოდა.

მისივე თქმით, კარგი დასანახია გაერთიანებული საზოგადოება.  

"ჩვენ ნამდვილად გვსურს მეორე მხრიდან მივიღოთ სწორი აღქმები იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ურთიერთობები და კავშირები როგორც მმართველ პარტიასთან ისე ოპოზიციასთან. იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ღრმა პოლარიზაცია დასრულდეს, პირველ რიგში უნდა გადავხედოთ იმ 12 პრიორიტეტს რაც მთავრობამ უნდა შეასრულოს. რამდენად მოიცავს ის მიშელის შეთანხმებას, ან ჟან მონეს დიალოგს, ეს დამოკიდებულია რამდენად მზადაა მოლაპარაკებისთვის და ერთობლივი აქტივობებისთვის როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პარტია. ის დემონსტრაციები რაც საქართველოში გაიმართა, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო - ეს ერთ -ერთი უდიდესია, რაც საქართველოში ჩატარებულა და ეს არ იყო პოლიტიკური აქცია, ქართველი ხალხის ინტერესი იყო. კარგი დასანახია გაერთიანებული საზოგადოება,"-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონი. 

 

 

დღის ამბები