15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა კომპანია "ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორისგან ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კომპანია "ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორის მიერ, ბუნებრივი აირის მოპოვების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"ადგილობრივი რესურსების ათვისება ენერგო მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, იმისთვის რომ ჩვენ გავზარდოთ ენერგოდამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, საკუთარი გენერაცია გვქონდეს, როგორც ელექტროენერგიის მიმართულებით, ისე გაზის და ნავთობის მიმართულებით.

ამ კუთხით ყველაფერს ვაკეთებთ, ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ ინვესტორებთან და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ ხელშესახები შედეგები გვექნება იმისთვის, რომ დამოკიდებულება იმპორტულ გაზზე, ნავთობზე, ელექტროენერგიაზე ეტაპობრივად შევამციროთ და ამავე დროს გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნავთობისა და გაზის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ფიზიკური სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება:

"განვიხილეთ ჰორიზონტალური ჭაბურღილის ბურღვის გეგმები, რაც დაგვეხმარება იმ 16 მილიარდი გაზის რესურსის ასათვისებლად, რაც რამდენიმე წლის წინ დადასტურდა მე-11 B ბლოკის ფართობზე. როგორც აღვნიშნეთ ამ მარაგების ათვისება დამატებით სამუშაოებს საჭიროებს და კონკრეტული გეგმები იქნა წარმოდგენილი კომპანიის მიერ, ვვარაუდობთ, რომ უკვე მომავალ წელს დაიწყება ფიზიკური სამუშაოები ველზე და ყველაზე პესიმისტური გათვლებით პირველი შედეგები 2024 წელს გვექნება,"- აღნიშნა გიორგი ტატიშვილმა.

კომპანია "ბლოკ - ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორი პოლ ჰეივუდი გაზის გარდა საუბრობს ნავთობის რესურსზეც, რომელიც მისი თქმით, სამგორსა და პატარძეულში არსებობს:

"2017-2019 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოჩენილია მოსალოდნელზე მეტად შთამბეჭდავი მოცულობები.

დარწმუნებულები ვართ, რომ გაზთან ერთად ასევე საკმარისი მოცულობის ნავთობის რესურსებია სამგორსა და პატარძეულში - 19 მლნ ბარელზე მეტი. ჩვენ ასევე წელს ვაპირებთ სხვა ადგილების კვლევას. ჩვენი რწმენით კი რეალური რესურსები ამაზე მეტია, შესაძლებელია ვისაუბროთ კიდევ დამატებით 350 მლრდ კუბურ ფუტ (10 მლრდ კუბური მეტრი) გაზის რესურსზე.

კვლევა საკმაოდ რთული პროცესია, დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა და ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამას 2023 წლის პირველ კვარტალში ავამუშავებთ,"- განაცხადა პოლ ჰეივუდმა.

კომპანია "ბლოკ ენერჯი" კახეთში საბადოებზე მოპოვების ლიცენზიას ფლობს, სადაც, დადასტურებული პროგნოზით, 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგია. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ბუნებრივი აირის მოცულობა თბილისის მახლობლად, ჭაბურღილის ტესტირებით 2019 წელს დადასტურდა.

დღის ამბები