მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გაკეთა.
ელჩი აცხადებს, რომ ნებისმიერი განცხადება, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია აქ სასამართლო სისტემაში არ შეესაბამება სიმართლეს.
"ჩვენ წლებია ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭირვალე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს არის მთავარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ ამ ქვეყანაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ გააძლიეროს კანონის უზენაესობის დაცვა და ჩვენ, მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას იმ უამრავ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლო სისტემაში ამ მთავარ მიზანზე, რადგანაც ეს არის ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭირვალე - ეს არის ჩვენთვის მთავარი ფოკუსი. არასწორი იქნებოდა ჩემი მხრიდან მოსამართლის ნაცვლად საუბარი. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია სასამართლო სისტემაში მომუშავე ბევრი პროფესიონალისთვის, ვინც დაინტერესებულია და აქვს სურვილი გაცვალოს მოსაზრებები, საუკეთესო გამოცდილება შეერთებულ შტატებში მათ კოლეგებთან. ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა, რომელმაც სარგებელი მოუტანა ქართულ სასამართლოს, ისევე როგორც მათ ამერიკელ კოლეგებს", - აცხადებს კელი დეგნანი.