რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიუროს დღევანდელი სხდომა რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით - მმართველი გუნდის დამოკიდებულების მიუხედავად, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სხდომის დანიშვნას ითხოვდა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრული შემადგენლობით მისვლას აპირებს.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ბოიკოტირების დრო ახლა არ არის და იმედოვნებენ, რომ "ქართული ოცნება" აზრს შეიცვლის.
"ჩვენი ამოცანაა, რომ ყველანაირი საშუალებით ვაიძულოთ ხელისუფლება, მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. უარს ეუბნებიან არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელმაც ჩანიშნა რიგგარეშე სესია, უარს ეუბნებიან ოპოზიციასაც. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, სამშაბათს მაინც გამოვცხადდებით სესიაზე. შეიძლება, მართლაც კარები დაკეტილი დაგვხვდეს და არაფერი აღარ გვიკვირს ხელისუფლების მხრიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, დაჯდეს და იმუშაოს," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.