საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საბოტაჟსა და ბოიკოტირებაში ადანაშაულებს და საკუთარი პოზიციის შეცვლაზე უარს აცხადებს. მათი განმარტებით, ოპოზიციის ნაწილი სხდომათა დარბაზის პოლიტიკური მოტივებით გამოყენებას ცდილობს, რის საშუალებაც მათ არ მიეცემათ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტების ინიციატივა არა საქმეზე, არამედ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი და მათ, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც ემხრობა. სწორედ ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე გამოსცა რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იმისათვის, რომ გაიხსნას რიგგარეშე სხდომა, საჭიროა მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომათა დარბაზში საკითხი რადგანაც არ არის განსახილველი, ბუნებრივია ოპოზიცია ამას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟისთვის და საკუთარი სუბიექტური განცხადებების გამოსაყენებლად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბოტაჟის დრო ნამდვილად არ არის," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.