საპარლამენტო ოპოზიციის ოთხმა დეპუტატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას მოუწოდებენ, "ხელი აიღოს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან".
"ვემიჯნებით და მკაცრად ვგმობთ მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე," – ნათქვამია ტექსტში.
განცხადებას გამოეხმაურა მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტიის მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები არასოდეს გაკეთებული და არც მომავალში გაკეთდება.
"არანაირი ანტიდასავლური განცხადება მმართველი გუნდის მხრიდან არ გაკეთებულა და არ გაკეთდება, რაც შეეხება ცალკეული დეპუტატების პრეტენზიებს, მე ვფიქრობ რომ დღეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას, იმისთვის რომ შევასრულოთ ევროკავშირის დაწესებული პირობები და არა იმას, რომ რაღაც პროპაგანდისტული განცხადებები აკეთოს ვინმემ. დღეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა არის ურთიერთდაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება და მსგავსი ხმაური," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი.