მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საელჩოს წარმომადგენელთან საუბრის შესახებ მან, პირველ რიგში, საქმის კურსში მისი ხელმძღვანელობა ჩააყენა.
"საელჩოდან იყო შემოთავაზება, რომ ჩვენი შეხვედრა ყოფილიყო კონფიდენციალური. ჩვენი საუბრიდან ერთი საათის ფარგლებში, სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი, 20-მდე ჟურნალისტი დამიკავშირდა პირდაპირი შეკითხვით - რატომ დაიბლოკეთ საელჩოს მხრიდან ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში? ორი თვე გავიდა მას შემდეგ და ეს ორი თვე არ იყო მარტივი არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის.
ამ საუბრის შესახებ მე, პირველ რიგში, საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი ხელმძღვანელობა, რომ ასეთი საუბარი შედგა და არ ვფიქრობ, რომ კონფიდენციალურობის დარღვევა იყო, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამდენი ზარი განხორციელდა.
ჩემი ინფორმაციით, ჩვენს ხელმძღვანელობასაც ჰქონდა კომუნიკაცია საელჩოს წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, ასევე, ჩემი კოლეგებისგან იყო შეთავაზება, რომ ის ჯგუფი, იმ ფორმითა და შემადგენლობით წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო თხოვნა, თუმცა რაღაც ტექნიკურ დეტალებს დააბრალა საელჩომ, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო. თუმცა, ერთ დღე-ღამეში შეძლო აბსოლუტურად სხვა ჯგუფის ფორმირება და მათი წაყვანა შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ჩემმა კოლეგებმა სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს ამ ვიზიტზე, მინდა კვლავ მადლობა გადავუხადო მათ.
აშშ-ის საელჩომ ერთ დღეში შეძლო აბსოლუტურად სხვა ჯგუფის ფორმირება და მათი დაყვანა, თუმცა ეს არ იყო სასამართლოს შემადგენლობიდან ჩვენი კოლეგები, სავარაუდოდ, იყო ადვოკატთა ასოციაციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წარმომადგენლები," - განაცხადა ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ განცხადება გაავრცელა სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მისი თქმით, საკითხი შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ეხება - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მას შეხვედრა ჰქონდა საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით იმყოფება. ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრის დროს გააფრთხილეს, რომ ის ამოღებულია ამერიკაში წამსვლელ მოსამართლეთა სიიდან.