საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "მასთან არსებულმა ორმა პარტიამ", "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" დღესაც თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს კიდევ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას, რომ მათი ერთადერთი და მთავარი მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება.
"მიმდინარეობს სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იმ მცირე სამუშაო ჯგუფის, რომელზეც პირველადი საკითხები განვიხილეთ, შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ფართო ჩართულობა იქნება. დღესაც, კიდევ ერთხელ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან არსებულმა ორმა პარტიამ „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას. გუშინ თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საკითხები საჩქაროდ არის განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი პარტნიორი არ არის ევროპა და წინსვლა, ერთადერთი მთავარი მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.