"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს და კელი დეგნანს პასუხს რამდენიმე კითხვაზე სთხოვენ, მათ შორის, შეხვდა თუ არა დიპლომატი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და რაზე შედგა მათ შორის დიალოგი.
ხუნდაძე და ყაველაშვილი მიიჩნევენ, რომ ამ თემაზე საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს. დეპუტატების კითხვებში იგრძნობა ეჭვიც, რომ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა ისეთი რამ მოსთხოვა, რითაც ყოფილი პრემიერის შანტაჟი არის შესაძლებელი.
მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების კითხვებს ოპოზიციის ნაწილი სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმად აფასებს. "ქართული ოცნების" განმარტებით კი, ინფორმაციაზე რომელზეც ყაველაშვილი-ხუნდაძე საუბრობენ, პასუხები ამერიკის ელჩმა უნდა გასცეს.
პასუხმა კელი დეგნანის მხრიდან არ დააყოვნა. დიპლომატმა დეპუტატების განცხადებას ჭორი უწოდა.