15 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
"ის ვერ იქნება მიუკერძოებელი" - პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს​

საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი.

საქმე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოადგენს.

"განხილვის პროცესში საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ დააფიქსირა მისი პოზიცია სოციალურ ქსელში, რომ ეს ცვლილებები ემსახურებოდა მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და ა.შ. ეს მისი პოზიცია მხარდაჭერილი იქნა დადებითი თვალსაზრისით, მოქმედი მოსამართლის - ბატონი გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც დღეს გახლავთ მომხსენებელი მოსამართლე ამ საქმეზე. ასეც შემთხვევებში, არის ობიექტური საფუძველი ასეთი მოსამართლის აცილების. მე ის მიკვირს მოსამართლემ თვითგანრიდება რომ არ განახორციელა, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდა შუამდგომლობის დაწერა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომ ეს ეს კონკრეტული მოსამართლე, ვინაიდან მან დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი და პირიქით, იქნება მიკერძოებული ამ საქმის განხილვის პროცესში,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.



დღის ამბები