26 დეკემბერი 2024,   15:18
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დედაქალაქის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დედაქალაქის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, ერთ-ერთმა პირმა სატყეო ზონაში არსებული ქონება, ცოტა ხნის წინ, 78 ათას ლარად შეიძინა, აღნიშნული ქონების სანაცვლოდ კი, თბილისის მერიისგან ამავე პირმა მილიონ ნახევარი ლარი მიიღო.

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლო კორუფციულ გარიგებას ეხება და საქმის გამოძიების მიზნით გენერალურ პროკურატურას მიმართავენ.

"ეს არის პირდაპირ, მერიის უმაღლესი თანამდებობის პირების და უშუალოდ ქალაქის მერის მონაწილეობით ჩადენილი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული, სადაც ფიქტიურ მესაკუთრეზე გაფორმებული ქონება იქნა გაცვლილი მილიონ ნახევრად შეფასებულ უძრავ ქონებაში, სადაც ძალიან ბევრი ფიგურანტი არსებობს, როგორც სავარაუდოდ თბილისის მერიის მონაწილეობით, ისე იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც შეაფასეს ეს უძრავი ქონება," - ამბობს საბა ბუაძე.

დედაქალაქის მერმა ბრალდებებს უპასუხა და მას სრული აბსურდი უწოდა.

"ეს არის ერთი დიდი სისულელე, ეს არის ჩემი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. სტატუსის ცვლილება ხდება მიწებზე, თქვენ იცით ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. თუ მიწის სტატუსი გენგეგმის მიღების შემდეგ არის გაუარესებული, პირდაპირ გვიწერია, რომ უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა და უამრავი გადაწყვეტილება არის ასეთი მიღებული და ალბათ, მათ შორის ერთ-ერთი ესეც არის," - ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები