26 დეკემბერი 2024,   15:29
ვრცლად
სახალხო მღელვარება ოკუპირებულ აფხაზეთში - როგორ აგრძელებს მოსკოვი ქართული მიწების მითვისებას

ოკუპირებული აფხაზეთის მცოცავი ანექსიის ტემპები იზრდება. რუსეთი ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარს ითხოვს, რომელზეც ძველი სახელმწიფო აგარაკებია განთავსებული.

კრემლის მიერ ტერიტორიის მითვისების შესახებ დასმულმა შეკითხვებმა, დღეს ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტი გააღიზიანა. დარბაზში დაწყებული ხმამაღალი საუბრის შემდეგ, ასლან ბჟანიამ გულრიფშის კულტურის სახლი დროზე ადრე დატოვა.

აფხაზებისთვის მიუღებელი საკითხის განხილვა კულტურის სახლის ეზოშიც გაგრძელდა და ე.წ. სამართალდამცველებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მიწის ნაკვეთზე, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და 10 მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობებიც. მათ შორის აუზები, რესტორნები და მიწისქვეშა კომპლექსი. ბიჭვინთელები ამბობენ, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აგარაკების ტერიტორიის სიახლოვეს მათ მხოლოდ სპეცსაშვების და პასპორტების შემოწმების შემდეგ უშვებს. შეფერხებებს უქმნიან სასწრაფო დახმარების და სახანძრო ჯგუფებსაც.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში შესაძლოა უახლოეს პერიოდში გადავიდეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზები ამბობენ, რომ რუსეთს ტერიტორიის მითვისების საშუალებას არ მისცემენ და ე.წ. სესიის დღეს საპროტესტო აქციას მოაწყობენ.

დღის ამბები