15 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
ნონსენსი და მზადება პროცესების რადიკალიზაციისთვის - უმრავლესობაში ალტერნატიული ჯგუფების შექმნას და ოპოზიციის გეგმებს აფასებენ

ნონსენსი და მზადება პროცესების რადიკალიზაციისთვის - ასე აფასებენ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას და ოპოზიციის გეგმებს უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ერთობლივ მუშაობაზე უარით ოპოზიცია პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები ადასტურებს მათი პოლიტიკური ოპონენტების არა სახელმწიფოებრივ, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესებს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია უარს არ იტყვის თავის რევოლუციურ გეგმაზე.

"ობიექტური შეფასებით, ოპოზიციის ეს ნაბიჯი ნონსენსია, სამაგიეროდ ის ზუსტად პასუხობს მათ განზრახვას, რომ შეუძლებელი გახდეს დეპოლარიზაციის პირობის შესრულება და მომზადდეს ნიადაგი შემოდგომაზე პროცესების კიდევ უფრო რადიკალიზაციისთვის. მათ იმდენად ეძვირფასებათ თავისი ეს რევოლუციური გეგმა, რომ მიუხედავად ევროკავშირის ხმამაღალი მოწოდებებისა, ისინი უარს არ იტყვიან თავის ამ ნაბიჯზე და განზრახვაზე," - თქვა ტალიაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ წამოწყებული პროცესი ანტიკონსტიტუციურია და მას საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები უნდა გაემიჯნონ.

"გეგმავენ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულ რაღაც პარალელურ პროცესს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის საქმიანობის დელეგიტიმაციას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, ამ პროცესს, ცხადია, უნდა გაემიჯნონ, რადგანაც თუ ეს პროცესი რომელიმე მხარისთვის იქნება მისაღები, ეს ნიშნავს, რომ ისინი ანტიკონსტიტუციურ პროცესს უჭერენ მხარს," - განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის ამბები