ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელური პროცესის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას არ უერთდება, აღნიშნულ პროცესს ეხმაურება.
"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, პროცესი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპარლამენტარების და ევროკომისიის მოთხოვნებს.
"ინიციატივა, რომ ოპოზიცია ცალკე რაღაცაზე მუშაობდეს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპარლამენტარების და ევროკომისიის მოთხოვნებს. ასე თუ გააგრძელეს, ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და "ქართული ოცნება" დააბრალებს ამის გამო ამ ყველაფერს ოპოზიციას. ჯერ პარტიებმა პოლიტიკური პოზიციები არ ჩამოაყალიბეს, საჯარო დისკუსიები არ გამართეს და უკვე რაღაც კანონებს წერენ, რაც ჩემი აზრით უბრალოდ მიუღებელია და დესტრუქციული იქნება შინაარსობრივადაც. ასე რომ დავაბრალოთ ახლა იმას, რომ ძალიან ცხელა და შესაძლოა არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ გიორგი გახარიას პარტიაშიც. "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, მათი გუნდის პოზიციით, პარალელური პროცესები სწორი არ არის და ისურვებდნენ მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ მაგიდასთან დამსხდარიყო.