საქმის საკეთებლად ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც პარლამენტში უკვე არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში არ ერთვება, ალტერნატიული ჯგუფები შექმნა. მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში დღეს, ოპოზიციის ორგანიზებით, სამი შეხვედრა გაიმართა. საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემა, ასევე, ანტიკორუფციული საბჭოს შექმნა - ამ საკითხებზე კონკრეტული კანონპროექტების მომზადებას ოპოზიციონერები საშემოდგომო სესიისთვის აპირებენ.
ის, რაც ოპოზიციას სურს, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია - ასე აფასებენ ოპონენტების ქმედებებს მმართველ გუნდში. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მიერ ალტერნატიული პლატფორმების შექმნა პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს.
ოპოზიციის ნაწილის ორგანიზებით, დღეს გამართული სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში არ მიიღეს მონაწილეობა მათივე კოლეგებმა. ოპოზიციონერი დეპუტატები "გირჩიდან" და "მოქალაქეებიდან" ალტერნატიული პროცესის დაწყებას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევენ.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, პროცესში ყველა მხარის თანამონაწილეობაზე აკეთებენ აქცენტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
საკანონმდებლო დონეზე უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელთა ფორმატში მიმდინარეობს მართლმსაჯულების, გენდერის, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებზე მსჯელობა. მმართველ გუნდში სწორედ ამ თემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ქართული ოცნების დეპუტატებისთვის გაუგებარია ოპოზიციის მიერ შექმნილი ალტერნატიული ჯგუფების დანიშნულება. საქმის კეთების იმიტირების ნაცვლად, უმრავლესობის ლიდერები ოპონენტებს უკვე მოქმედი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
ხვალ საკანონმდებლო ორგანოში სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. "ლელო" , "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას კვლავ არ აპირებენ.