მმართველი გუნდი რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.
გასულ კვირას შეხვედრები გაიმართა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, აჭარასა და გურიის რეგიონებშიც.
"ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი. შევხვდით მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის წარმომადგენლებს, ჩვენს მერებს, საკრებულოს წევრებს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს თითოეული მუნიციპალიტეტიდან და განვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ყველა თემაზე გვაქვს საუბარი, მათ შორის ჩვენს უახლოეს პარტიულ ამოცანებზე," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე
"ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციებს, სხვადასხვა პოლიტიკურ მესიჯებს და ამ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ახალი აზრი გამოითქმევა, რომელიც ყოველთვის გასათვალისწინებელია. შეუძლებელია ასეთი რჩევები არ მიიღო, რომელთაც ისინი კითხვების და რჩევების სახით გვაწვდიან და ჩვენც უფრო აქტიურები ვართ მათთან ურთიერთობაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.