15 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ივანიშვილი რომ დათანხმებოდა იმაზე, რასაც მას სთხოვდნენ, მაშინ არ იქნებოდა ის ოლიგარქი? - დიმიტრი ხუნდაძე დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები აფასებენ.

პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ წერილის შინაარსმა ნათელი მოჰფინა საკითხს, რაზეც დიდი ხანია თავდა საუბრობენ. კონკრეტულად იმას, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკების წინაშე.

"ამ წერილმა, პრაქტიკულად, ფარდა ახადა ყველაფერს. მან პასუხი გასცა არა მხოლოდ იმ კითხვას, შედგა თუ არა შეხვედრა ქალბატონ კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რისკებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკების წინაშე. იქ ძალიან ბევრი აქცენტია გაკეთებული, მაგალითად ის, რომ დასავლური კურსი არ გადაიხედება და მას სჭირდება ორმხრივი მოფრთხილება, ასევე, ჩვენ ამ კითხვების შემდეგ გვიჩნდება კიდევ დამატებით ერთი კითხვა - ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ დათანხმებოდა იმაზე, რასაც მას სთხოვდნენ, მაშინ არ იქნებოდა ის ოლიგარქი, ან არ იქნებოდა საჭირო ალტერნატიული ტექნიკური მთავრობის შექმნა? ასევე, არ იქნებოდა საჭირო ქუჩის სცენის ასე აქტიურად განვითარება? რა თქმა უნდა, ეს კითხვა კითხვად რჩება, მაგრამ მთავარია, რომ პრაქტიკულად, დაფარული საკითხი, რაც ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენს ქვეყნისთვის, არის უკვე ფარდა ახდილი," - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მიხეილ ყაველაშვილი კი ამბობს, რომ ნათელია,  რაზეც იქნებოდა საუბარი ელჩ კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დროს, რომ საქართველოს მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა.

"პრინციპში, მეც და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ წერილის შინაარსიც და ის ბოლო ფრაზაც, რომელიც ეხებოდა კელი დეგნანთან შეხვედრის დადასტურებას და იქ თარიღიც იყო მოყვანილი, 21 მარტი, უბრალოდ გასაგებია რაზე იქნებოდა საუბარი. უკვე, პრინციპში, საიდუმლოს არ წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც ადეკვატურად შეხვდებოდა ამ პასუხს. ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი, რომ რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველოს მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ამ ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება. ეს არის ჩემი აზრი," - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები