ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს დასავლეთთან ულტიმატუმის ენით საუბარს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუკი კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მსგავსი შეხვედრა მართლაც შედგა, ეს მეტყვეებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და გავლენებზე.
"რაც შეეხება შეხვედრას, თუ ასეთი შეხვედრა შედგა და ვინმეს ჰგონია, რომ ქართულ ოცნებაზე ეს კარგს მეტყველებს, ისევ შევახსენებდი, რომ ესე იგი ქართული ოცნების სპიკერები რომ ლაპარაკობენ, თურმე ასეთი შეხვედრა ყოფილა, სირცხვილი თქვენს თავს, არავინ არაფრად არ მიგიჩნევთ, ამიტომ გაგწევენ ხოლმე გვერდზე და როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, მიდიან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.
"იგი არის ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას და ნამდვილად, მისი გზავნილების გარეშე, მისი პირადი გადაწყვეტილების გარეშე და ესეთი გადაწყვეტილება იყო სწორედ ომის პროპაგანდა და ომის რიტორიკა, ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება, რაიმე ესაუბროს.
ანუ, ის ომის პროპაგანდა, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ელჩებს, კელი დეგნანს, კარლ ჰარცელს უნდოდათ და უნდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რო წერილში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი იკვეთება.
"ამ წერილის მთავარი სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა. ის ამ წერილით ევაჭრება, ულტიმატუმის ენით ესაუბრება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და აქ არაფერი კავშირი არ აქვს არც ერთ სხვა საკითხს," - ამბობს ხათუნა სამნიძე.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი წერილიდან იკვეთება მხოლოდ ერთ რამე, რომ მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის ქვეყნის ინტერესებს მეათე პლანზე აყენებენ.
"მე ამ ჭორაობაში არ შევალ, შეხვდნენ თუ არა, ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ერთმა თქვა მაგრამ მეორეს ხომ არ დაუდასტურებია ეს ამბავი. ჩემთვის მოცემულობა არის, დიდ სურათში რა ხდება და დიდ სურათში ხდება ის, რომ ოცნება და ბატონი ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის ქვეყნის ინტერესებს აყენებენ მეათე პლანზე,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.