15 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
არ მგონია, რომ საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე...მთავარი გამოწვევა არის ომი - ზარქუა დეგნანი-ივანიშვილის შეხვედრაზე

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა კელი დეგნანის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში" საუბარი არ ყოფილა.

ზარქუას შეფასებით, შეხვედრაზე სავარაუდოდ ომის და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე იქნებოდა საუბარი, თუმცა დეტალები არ იცის.

"კარგია, რომ ორივე მხარე შეჯერდა, შეთანხმდა და თურმე აღმოჩნდა, რომ ნამდვილად შედგა ეს შეხვედრა. ფაქტია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და გრძელდებოდა სამი საათი. არ მგონია, რომ აქ საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, ან რაღაც მეათეხარისხოვან თემებზე. ჩვენი, ასევე, მთელი რეგიონის და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა არის ომი, სადაც არის რუსეთი აგრესორი და იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს. სავარაუდოდ, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ საუბარი ამაზე იყო, თუმცა ვერ ვადასტურებ. დაველოდოთ [განმარტებას] რაზე იყო საუბარი," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აკეთებს. ინტერვიუში კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში", ან შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

დღის ამბები