პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა გუშინდელმა წერილმა პრაქტიკულად ყველაფერს ფარდა ახადა.
ხუნდაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანის პასუხი არის დაგვიანებული, რის გამოც ამ პასუხმა დაკარგა სანდოობა.
"გუშინდელმა წერილმა, რომელიც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ფარდა ახადა პრაქტიკულად ყველაფერს. ქალბატონი კელი დეგნანის დაგვიანებული პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა დაადასტურა მან, რომ ეს შეხვედრა რეალურად შედგა, მან დაკარგა ფასი და სანდოობა, რამეთუ მანამდე დასმულ კითხვაზე მან თავი აარიდა ამ პასუხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, დამაჯერებლობა მისი შემდგომ დაფიქსირებული პოზიციის, ნაკლებია.
საფრთხეების რისკი რომ იზრდება, ამაზე მეტყველებს წერილის შინაარსიც, როცა ბატონი ბიძინა ამბობს, რომ საფრთხეები არის რეალური და საზოგადოება უნდა იყოს მეტად ფხიზლად.
პროცესი რომ სწორ კალაპოტში ჩადგეს, ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, მაგრამ საფრთხეები რომ იქნას არიდებული, სათქმელს აუცილებლად ვიტყვით," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.