15 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში "სვანეთობის" აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს

სვანეთობა 2022 - რეგიონში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. ღონისძიებებს ესწრება პრემიერ მინისტრიც. მან ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს სიტყვით მიმართა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მთა და მთის ხალხი მეტად დაფასებული იყოს.

"დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მესტიაში, და თქვენთან ერთად ამ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. მე მინდა პირველ რიგში, დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული თქვენდამი. თქვენ მართლაც გამორჩეული ხალხი ხართ ქართველებს შორის. მე მინდა გავიხსენო ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსი. სტრაბონი ამბობდა, რომ სვანები მართლაც გამორჩეულად შეუპოვარი და ამაყი, მამაცი უშიშარი ხალხი ხართ. ეს უდავოდ ასეა. თქვენ ქმნით და ქმნიდით ყოველთვის უნიკალურ კულტურას, ისტორიას, თქვენ იცავდით და იცავთ ჩვენს მთავარ მონაპოვარს, სვანეთი ყოველთვის იყო გამორჩეული ჩვენი ეკლესია მონასტრების განძთსაცავით. თქვენ ყოველთვის ამ ფუნქციას, ამ როლს ასრულებდით და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ ყველანი დიდი მადლობას მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, ეს როლი და ეს ფუნქცია, რომელიც სვანებს ოდითგანვე ჰქონდათ, უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველაფრისთვის, თქვენი ერთგულებისთვის, შეუპოვრობისთვის, სიმამაცისთვის.

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მთა და მთის ხალხი მეტად დაფასებული იყოს. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ მთის კანონიც, რამაც ძალიან ბევრ მთაში მცხოვრებ ადამიანს გაუადვილა აქ მოღვაწეობა, ჩართულობა, ეკონომიკაში გარკვეული დოვლათის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პროექტები უნდა დაფინანსდეს სვანეთში, მესტიაში. ეს უნიკალური ადგილი უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ასევე გავხსენით ერთ-ერთი მართლა გამორჩეული პროექტი; ეს არის 32 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, საბაგირო. ეს არის გამორჩეული იმით, რომ არის ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, მეტ პროექტს დავაფინანსებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები