ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის ნაწილის რეალური მიზანი ქვეყნის ევროპული გზა არ არის. მისი თქმით, ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც ფიასკოთი დასრულდება.
"ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა არის ცნობილი ყველასთვის. ჩვენი საჯარო შეთავაზების მიუხედავად, ყველანი გავხდით მომსწრე იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან. მათი სურვილი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება. სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სამი წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებები, თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები. შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ, არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც ყოველთვის ფიასკოთი დასრულდება. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის არ მივცემთ უფლებას, ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანონ. თუ მათ სურთ გონივრული, პრაგმატული თანამშრომლობა და კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგის გამართვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ პოლარიზების დასრულების ნაცვლად, ისინი ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. ამის მიუხედავად, მოგეხსენებათ რომ პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს, არის სამუშაო ჯგუფი შექმნილი, მუშაობა დაწყებულია. ჩვენი მხრიდან, რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს დროში იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ არცერთი კითხვა არ დარჩეს ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.