ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 20 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს. ერთ-ერთის სხდომა უკვე დასრულდა, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
სპეცოპერაცია გუშინ თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა, სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათგან გამოძების ვერსიით 14 ნარკორეალიზატორია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"ჩემი პოზიცია იყო აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოეყენებინათ გირაო, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და აღნიშნულ განჩინებას გავასაჩივრებთ. დანაშაულს არ აღიარებს, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული პროკურატურასთან და იმედი აქვს, რომ მის უდანაშაულობა დამტკიცდება წინასწარ გამოძიებაში და არსებითი განხილვის დროს. კადრებზე ადასტურებს, რომ არის თვითონ, მაგრამ ფულის გადაცემას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად ჩანაწერშიც ასეთი ფაქტი არ ჩანს,"-აცხადებს ადვოკატი ხათუნა ხურცილავა.
პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, სწორედ აღნიშნულს დაეფუძნა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.
"ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა, ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე და აღმკვეთი ღონისძიება და სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა, ბრალდებულის მხრიდან, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს,"-აცხადებს ნუგზარ ჭიტაძე.